თანამედროვე სამყაროში, სადაც ჯანსაღი კვება ტრენდიდან ცხოვრების წესად გადაიქცა, სულ უფრო ხშირად ვსაუბრობთ პროდუქტის ხარისხსა და წარმომავლობაზე. თუმცა ხშირად ყურადღება დიდ, მოცულობით ინგრედიენტებზე გადაგვაქვს და გვავიწყდება ის მცირე, მაგრამ შეუცვლელი კომპონენტი, რომელიც ნებისმიერ კერძს აგვირგვინებს — მწვანილი.
ეკოლოგიურად სუფთა მწვანილი არა მხოლოდ არომატული დანამატია, არამედ ვიტამინებისა და მინერალების კონცენტრირებულ წყაროს წარმოადგენს, რომლის სარგებელიც პირდაპირ კავშირშია მის მოყვანის წესთან.
ცალსახად, ქიმიური დანამატების გარეშე გაზრდილი მცენარე ინარჩუნებს თავის ბუნებრივ სტრუქტურას და სამკურნალო პოტენციალს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის. „იორლენდის“ ბაღის ექვსი გამორჩეული მცენარე სწორედ ამ ფილოსოფიით არის მოყვანილი და თითოეული მათგანი ჯანმრთელობის უნიკალურ საიდუმლოს ინახავს.
ქინძი
ქინძი ძალიან პოპულარული მწვანილია და დიდი როლი აქვს მსოფლიოს მრავალ სამზარეულოში. მისი უნიკალური, სურნელოვანი არომატი მსუბუქ და ცოცხალ გემოს ანიჭებს კერძებს. სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოში ქინძი მშვენიერი დამატებაა ისეთი კერძებისთვის, რომლებიც შეიცავს ლობიოს, ყველს, კვერცხს, თევზს. მწვანილი ძალიან კარგია, როგორც ტოპინგი, ან გარნირი სუპებისა და სალათებისთვის.

ითვლება, რომ მას აქვს მრავალი სარგებელი ჯანმრთელობისთვის, როგორიცაა საჭმლის მონელების ხელშეწყობა, ანთებისა და ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირება. ქინძი არის A, C, K ვიტამინების კარგი წყაროა. შედის მინერალები: რკინა, მაგნიუმი და ერთ-ერთი გამორჩეული კალიუმით მდიდარი საკვები არის. მისი გამშრალი ნაყოფი (ქინძის თესლი) საკაზმ–სანელებელი საშუალებაა, ხოლო ქინძის ფესვები კი კულინარიაში აქტიურადაა ჩართული. ასე რომ, ეს მწვანილი არა მხოლოდ კარგი საკმაზია, ძალიან ჯანსაღი მცენარეული საკვები არის.
“იორლენდის” ორგანული ქინძი იზრდება სუფთა გარემოში, ღია გრუნტზე, ბუნებრივი სინათლის პირობებში. მისი სტრუქტურა ნაზია, გემო არომატული და გამოირჩევა განსაკუთრებული სურნელებით. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც მწვანილად, ასევე ჯანსაღი გემოები და არომატები შესძინოთ თქვენს კერძებს.
ოხრახუში
კულინარიაში ყველაზე გავრცელებული და თითქოს ყველასთვის ნაცნობი მწვანილით, ოხრახუშით თუ დავიწყებთ, აღმოვაჩენთ, რომ ეს მოკრძალებული მცენარე სინამდვილეში ნამდვილი „სუპერფუდია“.

ოხრახუშის სასარგებლო თვისებები გაცილებით ფართოა, ვიდრე მხოლოდ კერძის ვიზუალური გაფორმება. მისი ქიმიური შემადგენლობა მდიდარია A, K და C ვიტამინებით. საინტერესოა, რომ ის C ვიტამინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წყაროა, ხშირად ციტრუსებზე მეტი კონცენტრაციითაც კი, რაც იმუნური სისტემის გაძლიერებასა და კანის სიჯანსაღეს უწყობს ხელს, რადგან სწორედ ეს ვიტამინი მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში.
ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოყვანილი ოხრახუში გამოირჩევა ფლავონოიდებისა და ანტიოქსიდანტების მაღალი კონცენტრაციით, რაც ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების აგრესიული ზემოქმედებისგან იცავს. გარდა ამისა, ის ბუნებრივი შარდმდენია და ხელს უწყობს თირკმელების ფუნქციონირებასა თუ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას, რითაც ამცირებს შეშუპებას და არეგულირებს წნევას. ეს უკანასკნელი კი ოხრახუშს დიეტური კვების შეუცვლელ ელემენტად აქცევს.
კამა
ოხრახუშის გვერდით, ქართულ სუფრაზე ყოველთვის საპატიო და ტრადიციული ადგილი უკავია კამას, რომლის სპეფიციკური, მძაფრი არომატიც გაზაფხულისა და სიახლის ასოციაციას იწვევს. თუმცა გემოვნური მახასიათებლების მიღმა, კამა სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა და ის მედიცინაში ანტიკური დროიდან გამოიყენება. ეს ნაზი მცენარე ცნობილია, როგორც საჭმლის მომნელებელი სისტემის საუკეთესო „მეგობარი“, ვინაიდან ხსნის მუცლის შებერილობას და აუმჯობესებს პერისტალტიკას.

ამავდროულად, კამას გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი და ხშირად რეკომენდებულია უძილობისა თუ ნერვული დაძაბულობის დროს — კამის არომატიც კი, გარკვეულწილად, სტრესის მომხსნელია.
ორგანული კამა მდიდარია ეთერზეთებით, რომლებიც ბაქტერიციდული მოქმედებით გამოირჩევა. ეს ნიშნავს, რომ ის არა მხოლოდ სასიამოვნო არონატს სძენს კერძს, არამედ „დეზინფექციას“ უკეთებს მას, იცავს ორგანიზმს მავნე მიკრობებისგან და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.
წიწმატი
თუ უფრო სპეციფიკური და პიკანტური გემოები გაინტერესებთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ წიწმატი, რომელიც თავისი მწკლარტე, ოდნავ ცხარე არომატით გამოირჩევა და ნებისმიერ სალათას განსაკუთრებულ შტრიხს მატებს.

წიწმატის სასარგებლო თვისებები მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ენდოკრინული სისტემის, კერძოდ კი, იოდის დეფიციტი ან სისხლთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. მიზეზი კი მარტივია: ეს მცენარე რკინისა და იოდის ბუნებრივი საბადოა, რაც ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის გამართულ მუშაობას თუ ჰემოგლობინის დონის დარეგულირებას. ანემიის პრევენეციისთვის წიწმატის მიღება საუკეთესო გამოსავალია.
სუფთა ნიადაგზე მოყვანილი წიწმატი ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით K ვიტამინს, რაც ძვლების ჯანმრთელობისა და სისხლის შედედების პროცესისთვის აუცილებელია. ამასთან, წიწმატის რეგულარული მიღება აუმჯობესებს მხედველობას, აძლიერებს ორგანიზმის ზოგად ტონუსს და ამცირებს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს.
რეჰანი
ჩვენი ბაღის ფერებისა და არომატების პალიტრა წარმოუდგენელია რეჰანის გარეშე, რომელიც თავისი ღრმა იასამნისფერი შეფერილობითა და მძაფრი სურნელით ნამდვილი მშვენებაა. ქართული რეჰანი განსხვავდება ევროპული მწვანე ბაზილიკისგან და მისი უნიკალურობაც ამაშია.

რეჰანის სასარგებლო თვისებები, უპირველეს ყოვლისა, მის ანტიბაქტერიულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაში გამოიხატება. ის შეიცავს ანთოციანებს — ნივთიერებებს, რომლებიც მცენარეს იასამნისფერ ფერს ანიჭებს და, ამავდროულად, ძლიერ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს. ეს ნაერთები უჯრედებს დაბერებისა და ოქსიდაციური სტრესისგან იცავს.
ბიოლოგიურად სუფთა რეჰანი ასევე დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და ამცირებს ქოლესტერინის დონეს. სუფთა გარემოში გაზრდილი რეჰანი ინარჩუნებს ეთერზეთების, კერძოდ კი, ევგენოლის მაქსიმალურ რაოდენობას, რაც მას შესანიშნავ საშუალებად აქცევს იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ინფექციებთან საბრძოლველად.
მწვანე ხახვი
მწვანე ხახვი არის ხახვის სახეობა, რომელსაც აქვს რბილი არომატი და გრძელი, თხელი მწვანე ღერო. მწვანე ხახვი ალიუმის ოჯახის წარმომადგენელია, რომელშიც ასევე შედის ნიორი, ხახვი, პრასი. ითვლება, რომ მისი წარმოშობის ადგილი ცენტრალური აზიაა, სადაც ათასობით წლის წინ დაიწყო მწვანილის კულტივაცია.

ის მდიდარია C ვიტამინით, K ვიტამინით, დიეტური ბოჭკოებით, ასევე დაბალია ცხიმებით, კალორიებით. მწვანე ხახვი ანტიოქსიდანტების კარგი წყაროა, რომელსაც შეუძლია უჯრედებ დაიცვას დაზიანებისგან და შეამციროს რიგი დაავადების რისკი.
ჯანსაღ გარემოში, ბიო სტანდარტებით მოყვანილი მწვანე ხახვი, გარდა ამისა რომ გემრიელი და არომატულია, სასარგებლო ვიტემინების კარგი წყაროცაა.
დაახლოებით 130-140 გრამი მწვანე ხახვი უზრუნველყოფს K ვიტამინის ყოველდღიურ რეკომენდებულ ოდენობას. K ვიტამინი ხელს უწყობს სისხლის შედედებას და ძვლების სიძლიერეს ინარჩუნებს. ხოლო C ვიტამინის შემთხვევაში, ყოველდღიური ღირებულების დაახლოებით 25%-ს მოიცავს. ვიტამინი C ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედებს დაზიანებისგან. ხახვს ხშირად იყენებენ გარნირად, ან სალათებსა და სუპებში, არომატის დასამატებლად.
პიტნა
დაბოლოს, ჩვენი ბაღის მიმოხილვა არასრული იქნებოდა პიტნის გარეშე, რომლის სიგრილე და არომატი ყველასთვის საყვარელია და ზაფხულის ცხელ დღეებთან ასოცირდება.

პიტნის სამკურნალო თვისებები ფართოდ არის ცნობილი როგორც ხალხურ, ისე ტრადიციულ მედიცინაში. მენთოლი, რომელიც პიტნის მთავარი კომპონენტია, ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია — ის შესანიშნავად ხსნის თავის ტკივილს, ამცირებს სტრესს, ადუნებს დაჭიმულ კუნთებს და აუმჯობესებს კონცენტრაციას. პიტნის ჩაი ან მისი ცოცხალი ფოთლები ეფექტურია გულისრევის შეგრძნების დროს და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.
ბიომეურნეობაში მოყვანილი პიტნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი ფოთლები ხშირად თერმული დამუშავების გარეშე, ცოცხლად გამოიყენება დესერტებსა და გამაგრილებელ სასმელებში, ამიტომ მისი ქიმიური სისუფთავე გადამწყვეტია — ჩვენ ხომ მას პირდაპირ, ყოველგვარი დანაკარგის გარეშე ვიღებთ.
ეკოლოგიურად სუფთა მწვანილის არჩევა არ არის მხოლოდ კულინარიული გემოვნების ან პრესტიჟის საკითხი; ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია საკუთარ ჯანმრთელობაში. „იორლენდის“ ბაღის თითოეული ეს მცენარე — ოხრახუში, კამა, წიწმატი, მჟაუნა, რეჰანი თუ პიტნა — ბუნების მიერ ბოძებული პატარა, მაგრამ ძლიერი აფთიაქია. მათი რეგულარული გამოყენება კერძებში გვეხმარება, გავთავისუფლდეთ ტოქსინებისგან, გავიუმჯობესოთ განწყობა, გავიძლიეროთ იმუნიტეტი და გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე.






